საქართველო: აღმოსავლეთისა და დასავლეთის ახალი ტექნოლოგიური გზაჯვარედინი

როგორ ყალიბდება საქართველო გლობალური ინოვაციების, ბიზნესისა და სამუშაო ძალის შეხვედრის წერტილად.


შესავალი

საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა აზიური და ევროპული ინოვაცია. სწორედ აქ გადიოდა აბრეშუმის გზა, რომელიც აკავშირებდა კონტინენტებს. დღეს ეს ისტორიული გზაჯვარედინი იღებს ახალ მნიშვნელობას. სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყართან, ეკონომიკური რეფორმების შედეგი და ციფრული ტრანსფორმაციის ტემპი ქმნის უნიკალურ გარემოს, სადაც საერთაშორისო კომპანიებს შეუძლიათ ოპერაციების სწრაფად დაწყება, გუნდის აყვანა და რეგიონული ბაზრების ათვისება.

ბოლო ათწლეულში საქართველომ განავითარა ინფრასტრუქტურა, გაამარტივა იურიდიული და საგადასახადო სისტემა და შექმნა პირობები, სადაც ტექნოლოგიური იდეები შეიძლება სწრაფად გადაიქცეს რეალურ ბიზნესად. სწორედ ამიტომ დღეს ქვეყანა აღიქმება როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის  ახალი ტექნოლოგიური გზაჯვარედინი.

გეოსტრატეგიული მდებარეობა და რეგიონული წვდომა

საქართველო მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის და ფლობს პირდაპირ წვდომას როგორც შავი ზღვის ბაზარზე, ასევე სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო დერეფნებზე. ეს პოზიცია აძლევს ქვეყანას საშუალებას იყოს ბუნებრივი კარიბჭე დასავლეთისა და აღმოსავლეთის ბაზრებს შორის.

ტრანსკასპიური / შიდა დერეფანი

დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ტრანსპორტულ პროექტად აღიქმება Trans-Caspian International Transport Route (Middle Corridor), რომელიც ასაერთებს ჩინეთის, ცენტრალური აზიის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის და ევროკავშირის ბაზრებს. 2024 წელს, აღნიშნულ დერეფანზე გადაზიდული ტვირთების მოცულობა შეადგენდა დაახლოებით 4.5 მილიონ ტონას, რაც წინა წელთან შედარებით 62 %-იანი ზრდა იყო. მსოფლიო ბანკის კვლევით, ამ დერეფნის განვითარების პოლიტიკამ და ინფრასტრუქტურულმა ინვესტიციებმა შეიძლება დერეფნის ტვირთები 2030 წლისთვის სამჯერ გაზარდოს და გადაადგილების დრო ნახევრამდე შეამციროს. ერთ-ერთი მთავარი გზა რომლითაც ტვირთები გადადიან არის Baku–Tbilisi–Kars (BTK) რკინიგზა, რომელიც 2017 წლიდან აქტიურად მოქმედებს და აძლიერებს დერეფნის ეფექტურობას. საქართველო ამ დერეფანში ასრულებს სტრატეგიულ ფუნქციას, როგორც ტრანზიტისა და ლოგისტიკის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების სწრაფ და უსაფრთხო გადაადგილებას აზიასა და ევროპას შორის. შავი ზღვის პორტები, რკინიგზის ქსელი და განახლებადი საგზაო ინფრასტრუქტურა ქმნის სრულყოფილ სისტემას ტრანზიტული გადაზიდვებისთვის.

შავი ზღვის პორტები

საქართველოში მოქმედი შავი ზღვის პორტები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაწილს რეგიონული და საერთაშორისო ლოგისტიკური ქსელის, რომელიც აკავშირებს ევროპისა და აზიის ბაზრებს. ფოთის პორტი ერთ-ერთი სტრატეგიული პორტია, რომელიც ინტეგრირებულია TRACECA კორპორირებულ დერეფნებთან. ის უზრუნველყოფს ტვირთების გადმოტვირთვას, საზღვაო ტრანსპორტს და რკინიგზის კავშირს შიდა ზოლებთან (შიდა დერეფნის კომპონენტი).

 

სტაბილური ეკონომიკა და ბიზნესის სიმარტივე

საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ხასიათდება მაღალი ბიზნესის თავისუფლებითა და მარტივი საგადასახადო სტრუქტურით, რაც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ქვეყანა მუდმივად შედის პირველ ოცეულში „Ease of Doing Business“ რეიტინგში. ბიზნესის რეგისტრაცია საშუალოდ ერთ სამუშაო დღეს მოითხოვს, ხოლო საკუთრების რეგისტრაცია სრულად ციფრულია. საგადასახადო კოდექსის ე.წ. „ესტონური მოდელი“ ითვალისწინებს მოგების დაბეგვრას მოგების განაწილებისას. რეინვესტირებული მოგება არ იბეგრება. დივიდენდებზე გადასახადი 5 პროცენტია. სხვა სარგებელი მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსს, რომლის ფარგლებში ბრუნვის 1 პროცენტის გადახდა საკმარისია წლიური ზღვრის ფარგლებში (500 000 ლარი).


ციფრული ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიური ეკოსისტემა

ქვეყნის ელექტრონული მმართველობის ინფრასტრუქტურა გამორჩეულად განვითარდა ბოლო ათწლეულში. ერთიანი პორტალი My.gov.ge აერთიანებს მოქალაქეთა და ბიზნესებისთვის განკუთვნილ სახელმწიფო სერვისებს და საშუალებას იძლევა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული პროცედურების უმრავლესობა დისტანციურად შესრულდეს.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, პორტალზე ხელმისაწვდომია დაახლოებით 700 ტრანზაქციული სერვისი, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მოქალაქეებსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციას და ამცირებს ბიუროკრატიულ პროცესებს. იუსტიციის სახლისა და საჯარო რეესტრის პლატფორმები უზრუნველყოფენ ბიზნესის და იურიდიული პროცედურების დისტანციურ მართვას.

საქართველო გამოირჩევა ინტერნეტკავშირის სტაბილურობითა და მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებით. ფიქსირებული ქსელების საშუალო სიჩქარე 20–40 მბ/წმ-ის ფარგლებში მერყეობს, რაც ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს საიმედო წვდომას ციფრულ სერვისებზე.

2025 წლის დასაწყისის SpeedTest-ის მონაცემებით, ჩამოტვირთვის მედიანური სიჩქარე დაახლოებით 140 მბ/წმ-ს აღწევს.

გარდა ამისა, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-მა სრული დაფარვა უზრუნველყო, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კავშირის სანდოობასა და უწყვეტობას.


ენერგოსისტემის სტაბილურობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას.  ენერგეტიკული სექტორი ბოლო წლებში განიცდის სტრუქტურულ განვითარებას, ხორციელდება მასშტაბური საინვესტიციო პროექტები ელექტროენერგიის გადამცემი ხაზებისა და სადგურების მოდერნიზაციის მიმართულებით.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მიხედვით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სისტემების საიმედოობა საქართველოში ყოველწლიურად უმჯობესდება, ხოლო დისტრიბუციის კომპანიები განაგრძობენ ინფრასტრუქტურის განახლებასა და დანაკარგების შემცირებას. GNERC-ის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში მიმდინარეობს მომსახურების ხარისხის მონიტორინგისა და უწყვეტობის გაზრდის პროგრამები, რაც ენერგოსექტორს უფრო პროგნოზირებადსა და ინვესტორებისთვის სტაბილურს ხდის.

ადამიანური კაპიტალი და ტექნოლოგიური ტალანტი

საქართველოში ტექნოლოგიური ადამიანური კაპიტალი ბოლო ოთხ წელში მკვეთრად გაიზარდა. თუ 2021 წელს ICT სექტორში დასაქმებული იყო დაახლოებით 30.6 ათასი ადამიანი, 2025 წლის II კვარტლის ოფიციალური მონაცემებით ეს რიცხვი უკვე 49.8 ათასს შეადგენს. ეს ზრდა ასახავს როგორც ტექნოლოგიური სექტორის დინამიურ განვითარებას, ისე IT პროფესიონალებზე მოთხოვნის სტაბილურ ზრდას. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა და კერძო სექტორი აქტიურადაა ჩართული პროფესიული გადამზადებისა და ტექნოლოგიური განათლების პროგრამებში, რაც უზრუნველყოფს IT სფეროში ადამიანური რესურსის მდგრად ზრდას. ტექნიკური უნარების გარდა, საქართველოს სამუშაო კულტურა ორიენტირებულია მოქნილობასა და გუნდურ თანამშრომლობაზე. ინგლისური ენის ცოდნა ფართოდ გავრცელებულია ახალგაზრდებში, რაც ამარტივებს ადგილობრივი კადრების დასაქმებას გლობალურ კომპანიებში და თანამშრომლობას უცხოელ კოლეგებთან.

საქართველო, როგორც ტექნოლოგიური გზაჯვარედინი

საქართველო იძენს ახალ როლს რეგიონულ და გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე. სტრატეგიული მდებარეობა, განვითარებული სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ეკონომიკური სტაბილურობა და მოქნილი საგადასახადო პოლიტიკა ქმნის გარემოს, სადაც საერთაშორისო კომპანიებს შეუძლიათ ოპერაციების სწრაფად დაწყება და რეგიონული ბაზრების ათვისება.

ციფრული მმართველობის განვითარებული სისტემა, ონლაინ სერვისების ხელმისაწვდომობა და საიმედო ინტერნეტ ინფრასტრუქტურა აძლიერებს ქვეყნის ტექნოლოგიურ მზაობას. ამასთან, პროფესიული განათლებისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები ქმნის საფუძველს ინოვაციური ეკოსისტემის მდგრადი ზრდისთვის.

საქართველო აღარ არის მხოლოდ სატრანზიტო ტერიტორია აზიასა და ევროპას შორის. ის გარდაიქმნება ტექნოლოგიურ გზაჯვარედინად, სადაც დასავლეთის სტანდარტები და აღმოსავლეთის ინოვაციური სიჩქარე ქმნის ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო კომპანიებისა და ინვესტორებისთვის.